საქართველოს ეროვნულ ბანკის განცხადებით, მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან (SWIFT) ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი არ არსებობს. 

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორი განუხრელად იცავს როგორც ქართულ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური ზედამხედველობის ფარგლებში უწყვეტად ხორციელდება შესაბამისი ზედამხედველობის პროცესიც. საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორის სანქციების რეჟიმებთან სრულ შესაბამისობას დადებითად აფასებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. მაღალია ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით საერთაშორისო სტანდარტებთან საფინანსო სექტორის შესაბამისობის დონე, რაც ასევე დასტურდება ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) შეფასებებით. ასევე, პერმანენტულად დადებით შეფასებას იმსახურებს საქართველოს ეროვნული ბანკის ძალისხმევა საფინანსო სისტემისა და კანონმდებლობის ევრორეგულაციებთან დაახლოების კუთხითაც. სისტემა გამორჩეულად გამჭვირვალეა და, შესაბამისად, მზარდია მის მიმართ ინვესტორების ნდობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან (SWIFT) ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი არ არსებობს“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.