წავიკითხე, რომ წყენას გამოხატავთ, ვანოს საპატიო ყარაულით არ დახვდნენო - მე ამას არც მოველოდი და არც მწყენია, ჩემთვის საპატიო ყარაულზეც მეტი იყავით, ყველას დიდი მადლობა, - ამის შესახებ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ვანო ნადირაძის დედა ანა მაღრაძე წერს.

მისივე თქმით, ვანო უკრაინიდან და საქართველოდან ღირსეულად გააცილეს მისმა გულშემატკივრებმა.

"ჩვენო გულშემატკივრებო, მე აქ წავიკითხე, რომ წყენას გამოხატავთ, ვანოს საპატიო ყარაულით არ დახვდნენო - მე ამას არც მოველოდი და არც მწყენია, რაც მთავარია, თქვენ ყველა ღირსეულო ადამიანებო, ვინც იქ დახვდით ჩემ ღირსეულ შვილს ღირსეულად, ჩემთვის საპატიო ყარაულზეც მეტი იყავით, ყველას დიდი მადლობა.

მისმა თანამებრძოლებმა, სწორ მხარეს მდგარმა ხალხმა ხელით, საკუთარი მხრებით, საკმაო მანძილზე გამოიყვანეთ ჩემი შვილი და სახლამდე ცრემლით მოაცილეთ ყველამ ერთად.

ჩემ მართალ გმირ შვილს დახვდა მართალი, საკმაო რაოდენობის ხალხი, გულწრფელი გულშემატკივრები, რომლებიც ჩემთვის საპატიო ყარაულზეც მეტი ხართ.

ვიმეორებ, მე საპატიო ყარაულს არც მოველოდი და არც მჭირდებოდა. უკრაინამ ღირსეულად გამოაცილა ჩემი გმირი შვილი და თბილისის ლასარეს ტერმინალზე უამრავი ღირსეული ხალხი დახვდა, ჩემ ღირსეულ გმირ, მამაც, შეუპოვარ შვილს.

ის იბრძოდა საქართველოში და უკრაინაში გმირულად. მადლობა ამისთვის ჩემს ვანოს და თქვენ ყველას, ვინც იცით ასეთი გმირების ფასი", - წერს ნადირაძის დედა ანა მაღრაძე. 

ვანო ნადირაძე უკრაინაში 22 ივნისს გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.