ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა. პოსტი დატოვა დე ფაქტო პრემიერმა ალექსანდრ ანქვაბმაც.

"სტაბილურობისა და საკონსტიტუციო წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, ვაცხადებ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ", - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ბჟანიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოაწერა ხელი.

შეთანხმების თანახმად, რომელსაც მხარეებმა მოაწერეს ხელი, ბჟანია გადადგება, ხოლო მოქალაქეები, რომლებიც სამთავრობო შენობების კომპლექსსა და მის ტერიტორიაზე არიან შეკრებილი, 19 ნოემბერს დაიშლებიან, "ამ პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბჟანია გადადგომის შესახებ განცხადებას უკან წაიღებს".

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი ბჟანიას გადადგომის განცხადებას სამშაბათს განიხილავს. მის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს, დე ფაქტო პრემიერის კი ვალერი ბგანბა.

ბჟანიას გადადგომას წინ უძღოდა მოქალაქეების და ოპოზიციის საპროტესტო აქციები. 15 ნოემბერს რუსულ-აფხაზური "საინვესტიციო შეთანხმების" მოწინააღმდეგეებმა სამთავრობო შენობების კომპლექსის ღობე ჩამოიღეს და ტერიტორიაზე შევიდნენ. მათ დე ფაქტო პარლამენტის შენობა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიკავეს. პროტესტის ფონზე დე ფაქტო პარლამენტმა გააუქმა სესია, სადაც საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება უნდა განეხილათ, მოგვიანებით ბჟანიას ოფისში განაცხადეს, რომ დოკუმენტს უკან გაიწვევდნენ.

ოპოზიციის პროტესტის გამო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტები ორჯერ ვადამდე გადადგნენ. 2014 წლის 1 ივნისს ალექსანდრე ანქვაბმა დატოვა თანამდებობა, 2020 წლის 12 იანვარს კი რაულ ხაჯიმბამ.