დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას პროტესტი მოჰყვა. 

მედიის ინფორმაციით, სულ მცირე ექვსი ოპოზიციონერი მოულოდნელად, ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან ომარ სმირი, ჰარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია, რომლებიც „რუსული ინვესტიციების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას ეწინააღმდეგებოდნენ.

ოპოზიციონერები გუდაუთის მცხოვრებლებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ისინი დააკავეს.

დაკავებულების ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა და პოლიტიკოსებმა მათი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა გუმისთის ხიდი გადაკეტეს. გარდა ამისა, მოქალაქეები შეკრებილები იყვნენ ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ხალხი ცდილობდა შენობაში შესვლას.

ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტს კენჭი უნდა უყარონ. ეს ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ინვესტორი რვა წლით თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, ასევე კორპორატიული ქონების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადისგან. დამატებითი ღირებულების გადასახადი კი ინვესტორისთვის იქნება მხოლოდ ხუთი პროცენტი.