გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის დღევანდელ არჩევნებში დამარცხება აღიარა. მან ასევე აიღო პასუხისმგებლობა შედეგებზე და ფრიდრიხ მერცს გამარჯვება მიულოცა.

 ”ეს არის მწარე არჩევნების შედეგი სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის, ეს ასევე არის არჩევნებში დამარცხება”, - აღნიშნა მან ARD-ისა და ZDF-ის პირველი ეგზიტპოლების შემდეგ.

ამავდროულად, შოლცმა აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია SPD-ისთვის „ერთად წინსვლა“.

მან მადლობა გადაუხადა პარტიის ყველა წევრს კამპანიაში მონაწილეობისთვის და მიულოცა CDU/CSU-ს, მათ შორის მერცს. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ის თავის პოსტს "ბოლო დღემდე" დაიკავებს, თუმცა ცხადყო, რომ მთავრობის ფორმირებასთან არანაირი კავშირი არ ექნება.

"ახლა სხვათა გადასაწყვეტია, იპოვონ მთავრობის ფორმირების გზა.

ვისურვებდი, რომ შედეგი უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ მომავალში უკეთესი არჩევნების შედეგებისთვის და ვაღიარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წინაშე და გავაგრძელებთ მუშაობას შესაბამისად. 

თქვენ (ამომრჩეველს) შეგიძლიათ დაგვეყრდნოთ ჩვენ - შეგიძლიათ გჯეროდეთ, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია გააგრძელებს თავისი პრინციპების დაცვას“, - განაცხადა შოლცმა.

ეგზიტპოლის ბოლო მონაცემებით, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 28,6 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 20,4 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16,3 პროცენტი აქვს. 

აღსანიშნავია, რომ სოციალ-დემოკრატებისთვის ფედერალურ არჩევნებში დღემდე ეს ყველაზე ცუდი შედეგია.