გერმანიაში არჩევნები, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას გამოიწვევს, დასრულდა. პროგნოზებისა და ეგზიტპოლების მიხედვით, კონსერვატიული ალიანსი იმარჯვებს და მისი ლიდერის ფრიდრიხ მერცის შანსები კანცლერის თანამდებობა, გაძლიერდა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის ვადამდელ არჩევნებზე რეკორდული აქტივობა იყო  - 83%.

ტელეკომპანია ARD-ის მონაცემებით, ქრისტიან-დემოკრატიული ბლოკი ხმათა 29%-ს აგროვებს და არჩევნებში აშკარა გამარჯვებულია.

ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) 19,5%-ს აგროვებს, ამჟამინდელი კანცლერის ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას - 16% აქვს, მწვანეთა პარტია - 13,5%.

გარდა ამისა, მემარცხენეებს შეუძლიათ ბუნდესტაგში შესვლა 8,5%-იანი პროგნოზით. თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ (FDP), რომელიც ადრე მმართველი კოალიციის ნაწილი იყო, 4,9% დააგროვა და ბარიერი ვერ გადალახა.

ბუნდესტაგის 630 წევრის არჩევნებში თითქმის 60 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების თანახმად, ქრისტიან-დემოკრატების კონსერვატიული ბლოკი ყველაზე მეტ ხმას აგროვებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ან მათი რომელიმე კონკურენტი დაუყოვნებლივ მოიპოვებს უმრავლესობას. ეს კი ნიშნავს, რომ ორ ან მეტ პარტიას დიდი ალბათობით მოუწევს კოალიციის შექმნა. და ამ პროცესს შესაძლოა, კვირები ან თვეები დასჭირდეს.

ZDF-Politbarometer-ის გამოკითხვების თანახმად, ოთხი წლის ოპოზიციაში ყოფნის შემდეგ, მერცის ბლოკს აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების კარგი შანსი (2021 წლის არჩევნებში ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგისა და ანგელა მერკელის წასვლის შემდეგ).

ქრისტიან-დემოკრატების გამარჯვება ფრიდრიხ მერცისთვის კანცლერის თანამდებობას ფაქტობრივად გარანტირებულს ხდის, მაგრამ ეს რომ მოხდეს, კოალიცია უნდა ჩამოყალიბდეს და ჯერ კიდევ გაურკვეველია ვინ იქნებიან პარტნიორები.