გუშინ დაიჭირეს ლევან გოგიჩაიშვილი, გამოდის მისი თავმჯდომარე და 5-წუთიანი ინტერვიუ ისევ დაამთავრა "ნაცებით". ხომ შეიძლება საზღვარი არსებობდეს უტიფრობის , - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანი, რომელმაც 5 წლის წინ თვალები დასთხარა ხალხს დათვის ტყვიებით, ისევ "ნაციონალური მოძრაობის" ლანძღვით ასრულებს საუბარს.

"გუშინ დაიჭირეს ლევან გოგიჩაიშვილი, გამოდის მისი თავმჯდომარე და 5-წუთიანი ინტერვიუ ისევ დაამთავრა "ნაცებით". ამას აკეთებს ადამიანი, რომელმაც 5 წლის წინ თვალები დასთხარა ხალხს, დათვის ტყვიები ესროლა, რომელიც თურმე ძველი იყო და მისი გამოყენება სახიფათო იყო საერთოდ. ამას ჩვენ ვყლაპავთ. არავის არ შევარჩენთ იმას, რომ ევროპაში ჩვენი პარტნიორების დერეფნებში ირბინონ და მიხეილ სააკაშვილის საქმე "მოვტეხოთ" თემიდანო. გეგონება, ეს პრობლემა არ არსებობს და გეგონება, უკანონო პატიმრობაში არ არის ეს კაცი. 

გუშინ მისი კაცი სცემეს და გამოდის და ისევ მე მაგინებს, თან ვინ, ხომ შეიძლება საზღვარი არსებობდეს უტიფრობის.

გახარიამ იმ ხალხზე სწორებას უნდა დაანებოს თავი, ვინც დღეს "ოცნებას " ხაზავს. ხალხის 65% საკმარისზე მეტია და იქ იპოვოს დასაყრდენი. არანაირი სურვილი არ მაქვს მაგ ხალხთან დაპირისპირების, მაგრამ ასე ყველაფერზე ცალკარაზე ვერ ვიქნებით", - განაცხადა გიგი უგულავამ.