ირანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი ჩაიდინა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

"ირანის ისლამური რესპუბლიკა უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიას. სამიზნე გახდა სამოქალაქო ობიექტები. ირანის ლაჩრული ცეცხლის ქვეშ მოექცა ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი, მისი ტერმინალი, სკოლა და სხვა ობიექტები. აზერბაიჯანი მკაცრად გმობს ამ ტერორისტულ აქტს, პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ. ირანის ოფიციალურმა პირებმა უნდა განუმარტონ აზერბაიჯანულ მხარეს მომხდარი, მოუხადონ ბოდიში, ამ ტერორისტულ აქტში დამნაშავეები კი უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს დაევალა, მოამზადოს და განახორციელოს საპასუხო ზომები.

როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სამინისტრო, სასაზღვრო სამსახური და სხვა სპეციალური დანაყოფები მობილიზებულია და უნდა იყვნენ მზად ნებისმიერი ოპერაციის ჩასატარებლად.

ამასთან, მისივე თქმით, ბაქომ არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.

"ჩვენ ამას არ დავუშვებთ და არც მანამდე არასდროს დაგვიშვია. აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არც მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში. ეს არის ჩვენი პოზიცია, რადგანაც აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული რაიმე ოპერაციების წარმოებით მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, ჩვენი პოლიტიკა ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვიცავდით და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ტერორისტული აქტი, რომელიც ირანმა ჩაიდინა, ყველა სხვა ფაქტორთან ერთად, წარმოადგენს ირანის უმადურობის მაგალითს“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონები აფეთქდნენ. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.