პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ კვეტაში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანია დაღუპული, 40-ზე მეტი კი დაშავებულია. 

ბელუჯისტანის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, რკინიგზის სადგურზე, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.

ბელუჯისტანის პოლიციის გენერალური ინსპექტორი აცხადებს, რომ თავდასხმის სამიზნე ქვეითთა სამხედრო სასწავლებლის პერსონალი იყო. დაშავებულთაგან ბევრის მდგომარეობა კრიტიკულია.

აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც პეშავარის მიმართულებით მატარებელი უნდა გასულიყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ბელუჯისტანი რესურსებით მდიდარი პროვინცია. სეპარატისტი მებრძოლები, ათობით წელია, ბრძოლას აწარმოებენ აღნიშნული პროვინციის გამოყოფისთვის.