ჩვენ შევთანხმდით, რომ დემოკრატიული ქვეყნები არიან და უნდა იყვნენ ბუნებრივი პარტნიორები, დაფუძნებული მოლაპარაკებისა და დიპლომატიის კულტურაზე და არა ზეწოლაზე, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა რომის პაპთან ლეო XIV-სთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გრენლანდიისა და აშშ-ევროპის ურთიერთობების გარშემო არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად „ყველა ვარიანტი არ ამოწურულა“.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, რომის პაპთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ, გრენლანდიის ვითარების კონტექსტში, წესების პატივისცემა და დიალოგი ზეწოლაზე პრიორიტეტული უნდა იყოს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ დემოკრატიული ქვეყნები არიან და უნდა იყვნენ ბუნებრივი პარტნიორები, დაფუძნებული არა მხოლოდ წესების პატივისცემაზე, არამედ მოლაპარაკებისა და დიპლომატიის კულტურაზე და არა ზეწოლაზე, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო“, – განაცხადა პაველმა.

ამასთან, რომის პაპი ლეო XIV და ჩეხეთის პრეზიდენტი ასევე შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე პერიოდი შეიძლება გარდამტეხი მომენტი იყოს სწორედ იმ ზეწოლის გამო, რომელსაც ტრამპი ევროპაზე ახორციელებს. ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ზეწოლის შედეგად ევროპა თავად ჩამოყალიბდება და გადაწყვეტს, რომელი მიმართულება აირჩიოს.

„იქნება თუ არა ქვეყნების ჯგუფი, რომელიც დაიცავს ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი დაარსდა, თუ იქნება გარკვეული განხეთქილება იმის საფუძველზე, რომ ევროპული ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენელი ან, შესაძლოა, ყველა ეს სახელმწიფო ოფიციალურად დადგება ძალის გამოყენების მხარეს უფლებებისა და წესების მიუხედავად“, – განაცხადა პაველმა.