საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოსახდელად 21 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს. 

ფრანგული მედიის ცნობით, სარკოზი სასჯელს საფრანგეთის დედაქალაქში, ლა სანტეს ციხეში მოიხდის.

სარკოზის განაჩენი გასაჩივრებული აქვს და სასამართლო პროცესი მოსალოდნელია მომდევნო თვეებში. სარკოზი ციხეში დარჩება, თუ სააპელაციო სასამართლოს მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა 25 სექტემბერს მიუსაჯა. ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე, გაამართლა.

70 წლის სარკოზი ბრალდებებს უარყოფს.

სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა. ის საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ციხეში სასჯელს მოიხდის.