გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ის შეძლებს შეინარჩუნოს თანამდებობა ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება.

ოლაფ შოლცი არის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ის კენჭს იყრის პოტსდამის რაიონში, სადაც ასევე იყრის კენჭს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი. 22 თებერვალს, პოტსდამში ვიზიტის დროს, შოლცმა განაცხადა, რომ მას "ისევ შეუძლია გაიმარჯვოს".

”აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მე შემიძლია ისევ მოვიგო ეს ოლქი, ისევე როგორც წინა დროს”, - აღნიშნა მან.

შოლცის თქმით, ამომრჩეველთა დიდ ნაწილმა ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა.

"მე არ მჯერა სასწაულების, მაგრამ მჯერა არჩევნებში გამარჯვების. დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად ბევრი გადაწყვეტს მხოლოდ საარჩევნო უბანზე და ხმა მისცემს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რათა ჩვენ საკმარისად ძლიერი ვიყოთ და მთავრობამ გააგრძელოს მუშაობა ჩემი ხელმძღვანელობით“, - განაცხადა შოლცმა.

23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და „მწვანეები“ (GRÜNE).

წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 29% „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ უჭერს მხარს, 20.6%-ით, რეიტინგში მეორე ადგილზეა „ალტერნატივა გერმანიისთვის“, შემდეგ მოდის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ 15.5%-ით და „მწვანეებს“ აქვთ 12.9%.

ბუნდესტაგმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას გასული წლის 16 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადა, რის შემდეგაც, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პარლამენტი დაითხოვა.

გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ დაიშალა.