აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი აცხადებს, რომ რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ ახალი ომი არ იქნება.

კელოგი კიევთან ახლოს მდებარე ირპენის სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია, სადაც დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს ესაუბრა. აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა საავადმყოფოში მის ვიზიტს "ემოციური" უწოდა.

"აი, ამიტომ, პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალია ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებით. მკვლელობა უნდა შეწყდეს", - წერს კიტ კელოგი.

როგორც Sky News წერს, კელოგის რიტორიკა მკვეთრად განსხვავდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებისგან უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ.

ერთ-ერთმა დაჭრილმა უკრაინელმა მებრძოლმა კელოგს ჰკითხა "თუ შეგვიძლია ვენდოთ რუსეთს“ მოლაპარაკებების დროს. კელოგმა უპასუხა, რომ ”ყველა ომი მოლაპარაკებებით მთავრდება, საბოლოო გამარჯვება ბრძოლის ველზე დიპლომატიური გზით მიიღწევა და დღევანდელი მსოფლიო არ არის გამონაკლისი".

"შეგიძლიათ ენდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან არიან და დარწმუნებული იყოთ, რომ ისინი თქვენთან არიან? ეს ისე ჟღერს, თითქოს უფრო ღრმა შინაარსის კითხვას სვამთ: თქვენ ჩვენთან ხართ? ჩემი პასუხია დიახ, ჩვენ თქვენთან ვართ", - განაცხადა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მიზანია მომავალში ახალი ომის თავიდან აცილება.