შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 115 კი დაშავდა. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის მოზარდი, რომელიც ახალ წელს მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა. 

მომხდართან დაკავშირებით შვეიცარიაში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაღუპულთა იდენტიფიცირებას შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.

როგორც მედია წერს, დაშავებულები ძალიან ახალგაზრდები არიან, 15-დან 25 წლამდე ასაკის. დაშავებულებს შორის არიან ტურისტებიც.

საფრანგეთის, იტალიისა და ავსტრალიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დაშავებულებს შორის მათი მოქალაქეებიც არიან. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი ცხრა მოქალაქე დაშავდა. ავსტრალიის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ მათი ერთი მოქალაქე დაშავდა. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ მათი 15 მოქალაქე ამჟამად საავადმყოფოშია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

აფეთქება პირველ იანვარს, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ.