პოლონური მედიის ცნობით, რუსეთის ოპოზიციური ჯგუფის „სახალხო დეპუტატთა კონგრესის“ წევრი სერგეი ვლასენკო ვარშავაში, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 

ვარშავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლის პიოტრ ანტონი სკიბას თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ 71 წლის მამაკაცის სიკვდილი სხვა პირების ქმედებებმა გამოიწვია.

მედიის ცნობით, სერგეი ვლასენკო 1980-იან წლებში შორეულ აღმოსავლეთში ადგილობრივი საბჭოს წევრი იყო. მოგვიანებით, ის სამხრეთ რუსეთში, ანაპაში ცხოვრობდა. უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ის რუსეთიდან პოლონეთში გაემგზავრა, თავდაპირველად ტურისტული ვიზით, შემდეგ კი იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.