უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.
"დიდი ხანია, არ მომიწერია ღია წერილი, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ამას აზრი არ ჰქონდა. შენთან დაახლოებულმა პირებმა გვითხრეს, რომ ბოლო გაფრთხილება მიეცი შენს ძმას ალეკო ივანიშვილს, რათა აღარ მიეღო მონაწილეობა უკანონო გარიგებებში. დარწმუნებული ვარ, შენს გვერდით არ მოიძებნება პიროვნება, რომელიც გაბედავს და გეტყვის სიმართლეს. პირიქით, გეტყვიან, რომ ვიტყუები. ამიტომ გადავწყვიტე სოციალურ ქსელში ავტვირთო თვითონ გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები, რომლებსაც გენერალური პროკურატურა ვერ აძლევს სამართლებრივ შეფასებას, როგორც ამბობენ, შენი ძმის გავლენების გამო. სააკაშვილის რეჟიმის დროს რა უბედურება არ მინახავს, მაგრამ რაც ახლა ვნახე, ამის ანალოგი არ მოიძებნება. მაქვს სურვილი ავტვირთო გამომძიებლის შეკითხვები და შენი ძმის მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის პასუხები, რათა დარწმუნდე ჩემი ყოველი სიტყვის სიმართლეში, თუ, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე გაინტერესებს.
შენი ძმის ალეკო ივანიშვილის მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის გამოკითხვის დროს გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: ანგარიშ-ფაქტურების გაყალბება (პირველი ბრალის ეპიზოდი); კომპანიის მიერ სამშენებლო სამუშაოებისთვის გადარიცხული 177 000 ლარი და 159 000 აშშ დოლარი გამოიყენა არა დანიშნულებისამებრ (არამიზნობრივად) და სხვადასხვა ონლაინ ტოტალიზატორსა და კაზინოში (EUROPEBET, BETSSON, CRYSTALBET) გადარიცხა, საერთო ჯამში, 408 511 ლარი (მეორე ბრალის ეპიზოდი); დადგენილია, რომ მას ჰქონდა დაახლოებით 80 000 აშშ დოლარის „შავი ფული“, რომელიც, სავარაუდოდ, გაათეთრა და შეიძინა ორი ბინა, რომლებიც გაფორმებულია მისი ახლობლების სახელზე, რასაც მისი ახლობლები არ უარყოფენ (მესამე ბრალის ეპიზოდი); 2024 წლის 21 მაისის №46/7/7-226 ფინანსური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ შენი ძმის ბიზნესპარტნიორმა არამიზნობრივად გახარჯა და სავარაუდოდ, მიითვისა 1 296 581 ლარი (მეოთხე ბრალის ეპიზოდი). გამოძიებამ ამოიღო დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ცოლი, ქმარი და შვილი კომპანიიდან მიღებულ ფულს ინაწილებდნენ და რიცხავდნენ ონლაინ კაზინოში. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანებს პასუხი ეგოთ, საქმეზე დაზარალებულად ცნობილი დები ბრალდებულებად აქცია პროკურატურამ. მინდა ერთი შეკითხვა დაგისვა: ვის შეუძლია საქართველოში მართოს გენერალური პროკურატურა? როდესაც გამოძიება ადგენს, რომ ადამიანმა გააყალბა ანგარიშ-ფაქტურები, გამოიყენა „შავი ფული“, სავარაუდოდ, მიითვისა 1 296 581 ლარი, ხოლო პროკურატურა ვერ იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის ბრალის წაყენების შესახებ, ჩნდება უბრალო კითხვა - ვინ უნდა იდგეს ამ ადამიანის უკან? ჩემი აზრით, მხოლოდ ივანიშვილის ოჯახის წევრს ხელეწიფება ზემოხსენებული უკანონობის დაკანონება.
შენი ძმის ანგარიშზე მისმა ბიზნესპარტნიორმა „ქართუ ბანკში“ გადარიცხა 200 000 აშშ დოლარი, სასესხო ხელშეკრულების თანახმად. აღნიშნული 200 000 დოლარი, ჩემი ინფორმაციით, წარმოადგენდა კომპანიიდან მითვისებულ ფულს, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ პარტნიორს პირად ანგარიშებზე ლეგალური გზით მოპოვებული საპირწონე შემოსავლებიც არ უფიქსირდებოდა!!! მაინტერესებს შენი აზრი: ოჯახს, რომელიც დაკავებულია ონლაინ კაზინოებში მილიონობით ლარის თამაშით, ვინმე ფულს ასესხებს? ვინაიდან ფულის გადარიცხვა მოხდა „ქართუ ბანკში“ შენი ძმის ანგარიშზე, ძალიან იოლად შეიძლება ფულის წარმომავლობის დადგენა.
და ბოლოს, როდესაც პროკურატურა ადგენს, რომ შენი ძმის ბიზნესპარტნიორი სწორედ ამ გარემოებების გამო, პასუხისგების გარეშე გავიდა კომპანიიდან, კომპანიის წილის დაბრუნების სურვილით 4 წლის შემდეგ უჩნდება პრეტენზია ქსეროასლზე, გამოძიების მასალებით ამ ადამიანმა გააყალბა ანგარიშ-ფაქტურები, მიითვისა ფული და მონაწილეობა მიიღო ფულის გათეთრებაში, საბოლოოდ კი წნეხის მიზანი შესრულებულია - შეჩერებულია სამშენებლო ბიზნესის საქმიანობა, წლებია, უკვე ზიანდება როგორც სამშენებლო კომპანიის პარტნიორთა ინტერესები, ასევე ინვესტორი უცხოეთის მოქალაქეები და მათ შორის ემიგრაციიდან ბინის შემძენი პირები და ამ ყოველივეზე ვინ არის პასუხისმგებელი? გენერალური პროკურატურა არ იღებს გადაწყვეტილებას ბრალის წაყენების შესახებ, ეს არის გამზადებული საბრალდებო დასკვნა შენზე და შენს ძმაზე. დღეს ივანიშვილების ინტერესში შედის ამ საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარება, ვინაიდან, თუ ეს საქმე თაროზე შემოიდო, მინდა გითხრა, გელოდებათ ის, რაც დაემართა სააკაშვილსა და მერაბიშვილს. ფინანსთა სამინისტროში ჩატარებულია შენი ძმის ბიზნესპარტნიორის მხრიდან, სავარაუდოდ, კომპანიიდან მითვისებულ თანხებზე ექსპერტიზა, რომლის შესახებაც დაზარალებული კომპანიის დირექტორს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაახლოებით 2 000 000 ლარია არამიზნობრივად გახარჯული. ორი თვეა, დასკვნა მზად არის, იცვლებიან ფინანსურ პოლიციაში ხელმძღვანელები მაგრამ არ იცვლება, სავარაუდოდ, შენი ძმის დავალებით შექმნილი რეალობა, ხელი არ ეწერება დანაშაულში მხილების ფაქტს, ვინაიდან პროკურატურა ვალდებული იქნება ყველა სავარაუდო დამნაშავეს ბრალი წაუყენოს. მაინტერესებს, ვის შეუძლია საქართველოში რევიზიის აქტზე ხელის მოწერა უსასრულოდ დაამუხრუჭოს? სააკაშვილის რეჟიმის დროს არასოდეს მისი ძმა არ ყოფილა ყურადღების ცენტრში თავისი ბიზნესსაქმიანობის გამო.
თუ მართალია, რასაც ხალხი ამბობს, რომ შენ გააფრთხილე შენი ძმა ალეკო ივანიშვილი, მეტ უკანონო მოქმედებას აღარ აპატიებდი, მაშინ სასწრაფოდ საბრალდებო სკამზე უნდა დასხდნენ პროკურორები, რომლებიც ვალდებული იყვნენ მიეღოთ გადაწყვეტილება შენი ძმის ბიზნესპარტნიორთან დაკავშირებით, მაგრამ არ მიიღეს და ფაქტობრივად გაგიმზადეს საბრალდებო დასკვნა. პროკურატურამ ბრალი წაუყენა საქმეზე გამოძიების მიერ დაზარალებულებად ცნობილ დებს დოკუმენტის ქსეროასლის საფუძველზე. არ მეგონა, თუ საქართველოში ამდენი წესიერი პროკურორი იყო. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ვერ იპოვეს პროკურორი, რომელიც აღნიშნულ უკანონობაზე წავიდოდა, მაგრამ მაინც გამოჩნდა პროკურორი, რომელმაც ეფექტური გამოძიების გარეშე ქსეროასლზე დაწერა ბრალი, თანაც ისე რომ საქმის მასალები და ზემოხსენებულ დარღვევები, რაც დოკუმენტურად დადასტურებული და წარდგენილი იყო სისხლის სამართლის საქმეზე, არც კი შეუფასებია. გენერალური პროკურატურის და ფინანსური პოლიციის დიდმა ნაწილმა იცის ეს საქმე, რომელიც შენი ძმის ბიზნესპარტნიორის სავარაუდო დანაშაულს დადასტურებულად ასახავს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ვერავინ გაბედა შენი ძმის გამო მისთვის ბრალის წაყენება. პირიქით, ბრალი წაუყენეს დაზარალებულებს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არასოდეს მომხდარა, რომ დოკუმენტის ქსეროასლის საფუძველზე ადამიანისთვის ბრალი წარედგინათ, თანაც იმ მიზნით, რომ საბოლოოდ კანონიერი მესაკუთრისათვის საკუთრება წაერთმიათ. არასოდეს ექსპერტიზას არ დაუწერია, რომ ქსეროასლზე შესაძლებელია ექსპერტიზის ჩატარება. იგივე გააკეთა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ - უკან გადმოუგდო პროკურატურას ქსეროასლზე შეკერილი საქმე. სააკაშვილის რეჟიმსაც კი არ გაუკეთებია ასეთი უკანონობა. ერთ მაგალითს მოგიყვან: რომელიმე მოქალაქეს რომ მოუნდეს შენი ბანკის ხელში ჩაგდება და ქსეროასლის გამოყენებით ამტკიცებდეს, ბანკი ჩემიაო, უნდა ჩამოგართვან ბანკი? როდესაც საქართველოს ისტორიაში ქმნით ასეთ უპრეცედენტო პრაქტიკას, ხელისუფლებაში რომ აღარ იქნებით, ქონებას როგორ დაიცავთ? აქვე დავსძენ, რომ რა განსხვავებაა შუა ღამით ნოტარიუსთან ხელმოწერით დათმობილ ქონებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციით მეშვეობით ახეულ ქონებას შორის? მე ვიყავი ამ ქვეყანაში პირველი პირი, ვხელმძღვანელობდი ადვოკატთა კორპუსს რვა წლის განმავლობაში. ვარ ერთადერთი ადამიანი ევროპის ადვოკატთა და სამართლის საბჭოს ისტორიაში, რომელიც თავმჯდომარის რანგში, 1,5 მილიონ ევროპელ ადვოკატს შორის, წლის უფლებადამცველ ადვოკატად დამასახელეს. მინდა გითხრა, რომ ყოველთვის უფრო მეტად ვეხმარებოდი იმ ადამიანებს, რომლებმაც მე მხარი არ დამიჭირეს. ჩემი აზრით, თანამდებობა არის ადამიანის შესაძლებლობა აკეთოს კეთილი საქმეები. შეგიძლია ჰკითხო ადვოკატებს, როგორ ვიცავდი მათ უფლებებს ჩემი ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ლიკვიდაციით მემუქრებოდა. არ შეიძლება ბოროტების კეთება - რასაც აკეთებდა სააკაშვილის რეჟიმი და რასაც აკეთებს შენი რეჟიმი. არ შეიძლება ფინანსური ინტერესების გამო ადამიანები გაანადგურო. მათ უკან დგანან ოჯახები, ახლობლები და საზოგადოების წევრები. თუ გინდა, დამირეკე ტელეფონზე ან მომწერე ელექტრონული ფოსტა და გამოგიგზავნი გამომძიებლის მთელი დაკითხვის ოქმს, შენს ძმაზე 200 000 დოლარის გადარიცხვის ქვითარს, რათა დარწმუნდე, რომ შენს ოჯახზე პროკურატურაში უკვე გამზადებულია საბრალდებო დასკვნა", - აღნიშნულია ღია წერილში.
დანართი: გამოძიების გამოკითხვის ოქმის ნაწილი

