რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლი მამუკა გაწერელია უკვე 2 თვეა, ოჯახთან კონტაქტზე არ გამოსულა. 

"2 თვის უკან, აღდგომაზე გამოაგზავნა ბოლო წერილი, ორგანიზაცია "მემორიალის" საშუალებით. წერდა, რომ ახლა უკეთესად ვარო. ზურგი ჰქონდა დაზიანებული და ვცდილობ წონაც მოვიმატოო. 40 კილო იყო ბოლოს რომ ნახეს ადვოკატებმა. იმის მერე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. წერილები თვეში ორჯერ მაინც მოდიოდა და ახლა 2 თვეა, არაფერი არ მიგვიღია და ვნერვიულობთ", - განაცხადა გაწერელიას დედამ "ფორმულას" ეთერში.

მისივე თქმით, მამუკა გაწერელია უკრაინელების ტყვეების გაცვლის სიაში დიდი ხანია, არის, თუმცა რუსები უარს ამბობენ.

როგორც ქართველი მებრძოლის დედამ აღნიშნა, "მემორიალის" ადვოკატები მის შვილთან შესვლას თვის ბოლოს გეგმავენ.

22 წლის მამუკა გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს, "აზოვსტალის" დატოვების დროს ჩავარდა. ოკუპანტებმა ქართველ მებრძოლს უვადო პატიმრობა 2024 წლის თებერვალში მიუსაჯა.

გაწერელიების ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია.