აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა და პენტაგონს დაავალა, ქვეყნისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა გააგრძელოს.

თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შობის ღამეს რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რაკეტებისა და დრონების ტალღები გაუშვა. რუსეთის ფედერაცია მიზნად ისახავდა ზამთარში უკრაინელების სითბოსა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვებას.

"ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრებას და აშშ-მა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ის არ დაამარცხებს რუსეთის აგრესიას“, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

მან დაავალა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს გაზარდოს იარაღის მიწოდება.

"დავავალე თავდაცვის დეპარტამენტს, გააგრძელოს იარაღის მიწოდების გაზრდა უკრაინაში და შეერთებული შტატები გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად რუსული ძალებისგან თავდაცვაში“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

შობის დღეს რუსეთის სარაკეტო დარტყმას აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდიც გამოეხმაურა. კერძოდ, უკრაინის საკითხებში მომავალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ ეს იყო სასტიკი თავდასხმა.

"შობა მშვიდობის დრო უნდა იყოს, მაგრამ უკრაინას შობის დღეს სასტიკად დაესხნენ თავს. ასეთ დღეს ფართომასშტაბიანი სარაკეტო და დრონების თავდასხმა არასწორია“, - წერს კელოგი სოციალურ ქსელში.