უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან განახლებული დირექტივები შეიმუშავა რუსეთთან მოლაპარაკებებზე, რომლებიც მალე უნდა გაიმართოს.

თავის განცხადებაში ზელენსკი ახლო აღმოსავლეთში ომს შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინისა და აშშ-ის გუნდებისა და რუსეთის შემდეგი შეხვედრის დრო და ადგილი დიპლომატიური უსაფრთხოების გარემოებების მიხედვით განისაზღვრება.

პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ აგრესია უნდა დაასრულოს. გარდა ამისა, უსაფრთხოება უნდა იყოს გარანტირებული.

"მე განახლებული დირექტივები განვსაზღვრე მოლაპარაკებათა გუნდისთვის და მთლიანად ჩვენი უკრაინული დიპლომატიური გუნდისთვის. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა - რეალური მშვიდობა და რეალური შესაძლებლობები, რათა ხალხმა თავისუფლად და უსაფრთხოდ იცხოვროს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან ამ კვირაში გამართული შეხვედრების შემდეგ ანგარიში წარადგინა.

"ჩვენ განვიხილეთ ჟენევაში შეხვედრების ძირითადი შედეგები, ძირითადად ეკონომიკური საკითხები და რეკონსტრუქცია. ჩვენ ვაგრძელებთ სამმხრივი ფორმატისთვის მომზადებას, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.