ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსის ტერიტორიაზე შეწყვიტა მუშაობა იმ რეტრანსლატორებმა, რომლებსაც რუსეთი უკრაინაზე "შაჰედის" ტიპის დრონებით დარტყმებისთვის იყენებდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისა და დაზვერვის მოხსენებებზე დაყრდნობით განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ იცის, მოახდინეს თუ არა ამ რეტრანსლატორების დემონტაჟი, თუმცა უკრაინა "ამაზე მუშაობს", თავად კი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ყოველდღიურ მოხსენებებს იღებს.

"ფაქტია, რომ რეტრანსლატორები დღეს არ მუშაობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

19 ივნისს უკრაინამ ბელარუსს ულტიმატუმი წაუყენა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოსგან, მოითხოვა ბელარუსის ტერიტორიიდან აეღოთ ის რეტრანსლატორები, რომელთა დახმარებითაც რუსეთი "შაჰედებს" უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინა ამას თავად გააკეთებდა.