რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად "საერთაშორისო მოხალისეთა" ქვედანაყოფი "გეორგიევსკი" შეიქმნა, რომელსაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანი" ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობს, - წერს რუსული TASS.

"სწორედ რუსმა მიხაილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე 1945 წელს. დარწმუნებული ვარ, რომ მტრის დამარცხების სიმბოლოს, ისევე როგორც მაშინ, კვლავ აღმართავს რუსი და ქართველი. ჩვენმა თანამოაზრეებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც ჩვენი ხალხების და ქვეყნების გაერთიანებას, ასევე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვას ემხრობიან, შექმნეს საერთაშორისო ქვედანაყოფი "გეორგიევსკი“, - განაცხადა რომანოვმა და განმარტა, რომ სახელი 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც "უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში".

მისივე თქმით, ქვედანაყოფის მთავარი ამოცანაა "დაასრულოს ბრძოლა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს ემუქრება".

რომანოვ-ფარცხალაძემ აღნიშნა, რომ მან ნებაყოფლობით გადაწყვიტა რუსეთის მხარეს სპეციალური ოპერაციების ოპერაციებში მონაწილეობა. მისივე თქმით, საომარი მოქმედებების დაწყებიდანვე ის და მისი გუნდი აქტიურად ეხმარებოდნენ რუს სამხედრო მოსამსახურეებს და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის", კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქების მშვიდობიან მოსახლეობას.

"დღეს, როდესაც რუსეთი ებრძვის დასავლურ ზეწოლას საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მე მზად ვარ დავეხმარო სამშობლოს ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“, - განაცხადა რომანოვ-ფარცხალაძემ.

ოთარ ფარცხალაძის ფოტოს მამუკა ფიფია ავრცელებს.