ჩრდილოეთ კორეის რაკეტა, რომელიც რუსეთმა 24 აპრილს კიევზე თავდასხმისთვის გამოიყენა, სხვადასხვა ქვეყნიდან სულ მცირე 116 კომპონენტს შეიცავდა. მათი უმეტესობა ამერიკული კომპანიების მიერ არის წარმოებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე წერს.

"არასაკმარისი ზეწოლა რუსეთს საშუალებას აძლევს, შემოიტანონ ასეთი რაკეტები და სხვა იარაღი და გამოიყენონ ისინი აქ, ევროპაში. ჩრდილოეთ კორეასა და მის თანამზრახველებზე არასაკმარისი ზეწოლა მათ საშუალებას აძლევს, ასეთი ბალისტიკური რაკეტები აწარმოონ.

რაკეტა, რომელმაც კიევის მოსახლეობა მოკლა, შეიცავდა სულ მცირე 116 კომპონენტს, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან იყო იმპორტირებული და სამწუხაროდ, მათი უმეტესობა ამერიკული კომპანიების წარმოებული“, - წერს ზელენსკი.

პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე სამყაროში ნებისმიერ ომში ძალიან სწრაფად შეიძლება ჩაერთოს მრავალი სხვადასხვა მოთამაშე და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც აგრესიის მსხვერპლი ხდება, ყოველთვის იცავს თავს არა ერთი ადამიანისგან, არამედ თანამზრახველთა ჯგუფისგან. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაცვაც კოლექტიურ ძალისხმევაზე იყოს დაფუძნებული.

"უკრაინა მადლიერია მსოფლიოში ყველასი, ვინც გვეხმარება ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვაში, გვამარაგებს საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და რაკეტებით. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ ომის გამო რუსეთზე, მის თანამზრახველებზე ზეწოლას ახდენს. დაჟინებით მოვითხოვთ, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ და უპირობოდ დათანხმდეს სრულ ცეცხლის შეწყვეტას. რუსეთზე ზეწოლაა საჭირო. მკვლელობების შეჩერება პირველი პრიორიტეტია“, - წერს ზელენსკი.

კიევზე რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 90 კი დაშავდა.