პუტინს ამ ომის შეჩერება მოუწევს, როდესაც ორი ფაქტორი იქნება გათვალისწინებული: მას არ ექნება ილუზია, რომ საბოლოოდ ბრძოლის ველზე გამარჯვებას მიაღწევს; მისთვის და მისი რეჟიმისთვის ომის გაგრძელების ფასი მისი შეჩერების ფასს გადააჭარბებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ერთად აღებული, საერთაშორისო საზოგადოებას აქვს საკმარისი შესაძლებლობები, რათა აიძულოს კრემლი, დაასრულოს ეს ომი.

"ჩვენ უნდა გადავიდეთ "რამდენიც საჭიროა“ სტრატეგიიდან "რაც შეიძლება მეტ" სტრატეგიაზე“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

სიბიგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე შეიარაღების რბოლა არ ეხება ბირთვულ იარაღს, არამედ მილიონობით იაფფასიან დრონს და ვინც შეძლებს წარმოების უფრო სწრაფად გაზრდას, უზრუნველყოფს მშვიდობას.

"ამისთვის საჭიროა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის სწრაფი და ადეკვატური დაფინანსება, რომელიც ამჟამად მსოფლიოში თავდაცვის ინოვაციების უდიდესი წყაროა“, - განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, საკმარისი დაფინანსებით, უკრაინას შეუძლია მომავალ წელს 20 მილიონამდე დრონის წარმოება და თუ უპირატესობა ექნება, პუტინი შეიძლება იძულებული გახდეს, ომი დაასრულოს.

"ჩვენ დროსთან რბოლაში ვართ, როგორც რესურსებით, ასევე ტექნოლოგიებით. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პარიტეტს და უპირატესობას, რათა პუტინი აიძულოთ, შეწყვიტოს ომი“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.