გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რუსეთის G7-ში დაბრუნების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.

"როგორც G7-ის პარტნიორებმა, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ სასტიკი, სრულმასშტაბიანი რუსული შეჭრის შემდეგ: არ შეიძლება იყოს ნორმალური თანამშრომლობა ამ რუსეთთან, პუტინის რუსეთთან“, - აღნიშნა ბერბოკმა.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ "თუ ყველანი დავბრუნდებით მშვიდობის გზაზე“ და შეიცვლება რუსეთის პოლიტიკა, მაშინ ეს, "რა თქმა უნდა, იმასაც ნიშნავს, რომ შევძლებთ თანამშრომლობის განახლებას მრავალფეროვან სფეროებში“.

ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ იგი მიესალმება ნებისმიერ ნამდვილ ნაბიჯს უკრაინაში მშვიდობისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ტრამპის მცდელობას მოლაპარაკება აწარმოოს პუტინთან, რათა დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინაში.

ამავე დროს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ დასავლეთის მკაცრი ზეწოლა რუსეთზე "უნდა გაგრძელდეს".

"თუ ახლა მშვიდობისკენ მიმავალი გზა არსებობს, მაშინ მთელი მსოფლიო და უპირველეს ყოვლისა, ევროპა შვებით ამოისუნთქავს", - აღნიშნა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას სურს რუსეთის დაბრუნება G7-ში (ანუ G8 ფორმატში დაბრუნება). მისი თქმით, შეცდომა იყო მისი გარიცხვა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ.