აშშ-ის ოფიციალური პოზიცია უნდა იყოს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა მარკო რუბიომ განაცხადა.

მან დასძინა, რომ რუსეთსაც და უკრაინასაც მოუწევთ დათმობაზე წასვლა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისას.

"ყველა უნდა იყოს რეალისტი: რუსეთსაც და უკრაინასაც მოუწევთ დათმობებზე წასვლა“, - განაცხადა რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე.

სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს ერთი სერიოზული პრობლემა და ეს ის კი არ არის, რომ მას ფული უმთავრდება, არამედ ის, რომ მას "უკრაინელები აკლდება", მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს მთელი უკრაინის დაპყრობის შანსი, ისევე როგორც უკრაინას არ აქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შანსი.

"ყველაფრის აღდგენას თაობები დასჭირდება. მილიონობით უკრაინელი აღარ ცხოვრობს მშობლიურ ქვეყანაში და შესაძლოა, აღარასოდეს დაბრუნდეს. მაშინაც კი, როცა მე ვსაუბრობ, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ინგრევა და ასობით მილიარდი დოლარი და ათწლეულები დასჭირდება“, - განაცხადა რუბიომ.