უკრაინამ და რუსეთმა ტყვეების მასშტაბური გაცვლის ახალი ეტაპი განახორციელეს. დღეს, 20 ივნისს, დაჭრილი და მძიმედ დაავადებული დამცველები სამშობლოში დაბრუნდნენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

"რუსული ტყვეობიდან დღეს დაბრუნებული ჯარისკაცების უმეტესობა იქ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. ახლა კი ისინი საბოლოოდ სახლში არიან. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩვენს ხალხს გვიბრუნებს. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაცვლები გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველას არ დავაბრუნებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ესენი არიან მარიუპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის რეგიონების დამცველები. საზღვაო ძალების, სახმელეთო ჯარების, ტერიტორიული თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო ძალების, უპილოტო სისტემების ძალების, ასევე სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები.

სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი აღნიშნავს, რომ გათავისუფლებულ ჯარისკაცებს სერიოზული დაზიანებები და ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ.

"დღეს გათავისუფლებულ ყველა დამცველს აქვს დაზიანებები ან სერიოზული სამედიცინო დიაგნოზები: ეპილეფსია, ჰიპერტენზია, გულის კორონარული დაავადება, მხედველობის პრობლემები, კუნთოვანი სისტემის დაავადებები, თიაქარი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები. გათავისუფლებულთაგან ბევრს წონის კლების დიაგნოზი დაუსვეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს გათავისუფლებული ყველა დამცველი ჯარისკაცი და სერჟანტია. გათავისუფლებულთა შორის არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდნენ.

შტაბის ინფორმაციით, გაცვლის პროცესი მიმდინარეობს და გათავისუფლებულ პირთა ზუსტი რაოდენობა გაცვლის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ადამიანის უფლებათა დამცველის დიმიტრი ლუბინეცის თქმით, ყველაზე ხანდაზმული გათავისუფლებული პირი 60 წლისაა.

უკრაინამ და რუსეთის ფედერაციამ საერთო ჯამში ორი მასშტაბური ტყვეთა გაცვლა განახორციელეს. პირველი სტამბოლში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ გაიმართა. ის სამ ეტაპად ჩატარდა, რომლის დროსაც ორივე მხარემ 1000 ტყვე გაათავისუფლა.

2 ივნისს თურქეთში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციებმა კვლავ მიაღწიეს შეთანხმებას ტყვეთა გაცვლის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაცვლიან დაჭრილ და მძიმედ დაავადებულ ჯარისკაცებს, ასევე 18-დან 25 წლამდე ასაკის ყველა ტყვეს.

ამ შეთანხმებების ფარგლებში, გაცვლა განხორციელდა - 9, 10, 12, 14 და 19 ივნისს. გუშინ, 19 ივნისს, უკრაინამ ტყვეობიდან დააბრუნა დაჭრილი და მძიმედ დაავადებული დამცველების ჯგუფი.

მათი უმეტესობა 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნდნენ დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის და კიევის ოლქებში მებრძოლი დამცველები.

გარდა ამისა, სტამბოლში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ცხედრები "6000/6000"-ზე ფორმატით დააბრუნებდნენ. 1200 ცხედრის დაბრუნების სამი ეტაპი უკვე განხორციელდა.