უკრაინის დაზვერვამ საზღვაო დრონის Magura V5 გამოყენებით 2 მაისს ნოვოროსიისკის მახლობლად რუსული თვითმფრინავი სუ-30 გაანადგურა, ეს მსოფლიოში პირველად მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

"2 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალურმა რაზმმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით, შავ ზღვაში რუსული სუ-30 გაანადგურა - ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც საბრძოლო თვითმფრინავი საზღვაო დრონით განადგურდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ისტორიული დარტყმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-13 ჯგუფის სპეციალური დანიშნულების რაზმის ჯარისკაცებმა განახორციელეს.

რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებელი სუ-30, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია, ჰაერში აალდა და საბოლოოდ ზღვაში ჩავარდა.

მოწინააღმდეგის საბრძოლო თვითმფრინავზე წარმატებული დარტყმა განხორციელდა ნოვოროსიისკის ქალაქ პორტთან ახლოს მდებარე წყლებში, სადაც რუსები შავი ზღვის ფლოტის ნარჩენებს მალავენ.