უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის თავდასხმა განიხილა.

ზელენსკის თქმით, მან პატრიარქ ბართლომეოსთან ტელეფონით კიშინიოვის აეროპორტში, G7-ის სამიტზე მიმავალ გზაზე ისაუბრა.

"მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის მხარდაჭერისა და აბსოლუტურად მკაფიო მორალური პოზიციისთვის: თავდასხმა რუსული დრონებით კიევ-პეჩერის ლავრაზე - წმინდა ადგილზე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად მართლმადიდებლობისთვის - ბარბაროსობაა, რომელსაც გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს", - აცხადებს ზელენსკი. 

მისივე თქმით, ასევე განიხილეს მსოფლიო პატრიარქთან პირადი შეხვედრების შესაძლო ფორმატები.

"მისი უწმინდესობა უკრაინაში მოვიწვიე. მადლობელი ვარ მისი ლოცვისთვის უკრაინისა და ჩვენი ხალხისთვის", - აღნიშნა ზელენსკიმ.

15 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. მტრის მთავარი სამიზნე კიევი იყო - ოკუპანტებმა დედაქალაქის მიმართულებით დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები, ჰიპერბგერითი რაკეტები და დრონები გაუშვეს. ერთ-ერთმა რუსულმა დრონმა კიევ-პეჩერის ლავრას დაარტყა. თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია. თავდასხმის შემდეგ ლავრა ვიზიტორებისთვის დაიხურა.