უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გარეშე შეუძლებელია.

Cesky Rozhlas-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტერიტორიული საკითხის მხოლოდ ტექნიკური ჯგუფებით გადაწყვეტა შეუძლებელია.

"მინიმუმ, ჩვენ უნდა შევძლოთ რუსეთის ფედერაციასთან, რუსეთის ლიდერთან კონტაქტი, ამა თუ იმ ფორმატით. ასეთი ფორმატის გარეშე, ჩემი აზრით, რასაც ვხედავ, ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმებას.

ამჟამად, ომის დასრულების 20-პუნქტიანი გეგმა არსებობს და ის კონკრეტულად ეხება თქვენს მიერ ხსენებულ მტკივნეულ საკითხებს ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არ მგონია, ლიდერების გარდა ვინმემ შეძლოს ამის მოგვარება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას ხელი მოაწერონ არა მხოლოდ აშშ-მ, უკრაინამ და რუსეთმა, არამედ ევროკავშირმაც, რადგან დოკუმენტი ევროკავშირში წევრობას ითვალისწინებს.