უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკაში ვიზიტისთვის აქტიურად ემზადება, სადაც არაერთი შეხვედრაა დაგეგმილი.

მისი თქმით, შტატებში ის შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლებს, ასევე ელის შეხვედრებს შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ორივე კანდიდატთან.

"ჩვენ უკრაინაში ყოველთვის მადლობელი ვიქნებით ამერიკის ჩვენი დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის - ყველა დახმარებისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს ამ ომში გადარჩენა.

ახლა კი ჩვენ წარვადგენთ ძალიან კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ შეუძლია უკრაინას არა მხოლოდ გადაურჩეს ამ ომს, არა მხოლოდ შეინარჩუნოს წინააღმდეგობის დონე, როგორიც არის ახლა, არამედ ახლავე გაძლიერდეს - გაძლიერდეს ისე, რომ რეალურად მივუახლოვდეთ სამართლიანი მშვიდობას, ნამდვილად მივუახლოვდეთ გამარჯვებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას მხარდაჭერის იმედი აქვს.

"ეს ხომ სამართლიანია, როცა ერთი ხალხი იმარჯვებს ბრძოლაში თავისი დამოუკიდებლობისთვის და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, იმარჯვებს მთელი მსოფლიო. ზუსტად ასე უნდა იყოს“, - აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში შემდეგ კვირაში გაემგზავრება. თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა 26 სექტემბერს გაიმართება.