უკრაინამ იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად დრონები და ექსპერტების ჯგუფი გაგზავნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა კიევს დახმარება 5 მარტს სთხოვა და უკრაინული გუნდი მეორე დღეს გაემგზავრა.

ზელენსკის თქმით, მათი ახლო აღმოსავლეთში ჩასვლა მალე არის მოსალოდნელი.

"ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხეთ. მე ვუთხარი: „დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს ექსპერტებს გავგზავნით", - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინას სურს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დახმარება, მაგრამ ამავდროულად, ასეთი საკითხები საკუთარ საჭიროებებთან უნდა დააბალანსოს.

მისივე თქმით, ირანში აშშ-ისრაელის ომის დაწყებიდან პირველ დღეებში მას და მის გუნდს დახმარების თხოვნით ბაჰრეინის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, იორდანიის, ქუვეითის, კატარის და საუდის არაბეთის ლიდერებმა მიმართეს.

"ირანში ომმა შესაძლოა, უკრაინისთვის აუცილებლად საჭირო თავდაცვითი იარაღის მიწოდება შეწყვიტოს. კიევმა შესთავაზა თავისი დრონები უფრო მძლავრ სისტემებში გაცვალოს, რომლებიც უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად სჭირდება“, - აღნიშნულია სტატიაში.