ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ, მათ შორის მოსკოვის მექანიზმზე. ვისაუბრეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არის შექმნილი, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ თამარ ონიანმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ახალ საკანონმდებლო ცვლილებებსაც.

"ჩვენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ვისაუბრეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არის შექმნილი, რომელიც დოკუმენტირებულია. ყველა ეს წყარო საჯაროა და ჩვენ ვისაუბრეთ იმ მთავარ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს, უპირველესად, ეს შეეხება სამოქალაქო თავისუფლებებისთვის სივრცის შევიწროებიდან მის სრულ ელიმინაციამდე გადადგმულ ნაბიჯებს და სისხლის სამართლის მექანიზმების მასობრივად ინსტრუმენტალიზებაზე, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა რეპრესიული კანონის მიღებით.

ეუთოს ფარგლებში მოსკოვისა და ვენის მექანიზმი ეს არის ის მთავარი საკითხები, რომელიც დადგა 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე დღის წესრიგში და მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებამ, თავის მხრივ, აჩვენა, როგორ გაფართოვდა ვენის მექანიზმის ფარგლები. ვნახეთ, რომ მოსკოვის მექანიზმმა დაფარა ქვეყანაში მიმდინარე ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ, მათ შორის მოსკოვის მექანიზმზე", - განაცხადა თამარ ონიანმა.