უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა ოპერაცია "ობობას ქსელის" შემდეგ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ანგარიში ჩააბარა.

"აბსოლუტურად ბრწყინვალე შედეგი. უკრაინის დამოუკიდებელი შედეგი. დაგეგმვის დაწყებიდან ეფექტიან განხორციელებამდე ერთი წელი, ექვსი თვე და ცხრა დღე. დაგეგმვა, ორგანიზება, ყველა დეტალი სრულყოფილად იყო მომზადებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სრულიად უნიკალური ოპერაციაა.

ყველაზე საინტერესო ისაა - და უკვე საჯაროდ შეიძლება ითქვას - რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენი ოპერაციის "ოფისი" პირდაპირ რუსეთის ფაქტობრივად FSB-ის რეგიონალური დეპარტამენტის გვერდით იყო განლაგებული.

ჯამში, ოპერაციაში 117 დრონია გამოყენებული და დრონის ოპერატორების შესაბამისი რაოდენობა მუშაობდა. სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების გადამზიდავების 34 პროცენტი მათ ბაზის აეროდრომებზე დაიბომბა. ჩვენები მოქმედებდნენ რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ტერიტორიაზე - სამი დროის სარტყელში. ჩვენი ხალხი კი რუსეთის ტერიტორიიდან ოპერაციების წინა დღეებში გავიყვანეთ, ვინც დაგვეხმარა, ახლა უსაფრთხოდ არიან", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მალიუკს, ასევე ყველას, ვინც ოპერაციაში იყო ჩართული.

"რა თქმა უნდა, ახლა ყველაფრის თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ ეს არის უკრაინული ქმედებები, რომლებიც აუცილებლად შევა ისტორიის წიგნებში. უკრაინა იცავს თავს და სამართლიანადაც - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა იგრძნოს ამ ომის დასრულების აუცილებლობა. რუსეთმა დაიწყო ეს ომი, რუსეთმა უნდა დაასრულოს ის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

1 ივნისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ავიაციის განადგურების მიზნით უპრეცედენტო მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა.

უსაფრთხოების სამსახურმა თავს დაესხა ოთხ რუსულ აეროდრომს - "ბელაიას", "დიაგილევოს", "ოლენიას" და "ივანოვოს". დარტყმების შედეგად მინიმუმ 41 Ту-95, Ту-22М3 და A-50 თვითმფრინავი განადგურდა.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღევანდელი FPV დრონებით თავდასხმა რუსეთის სტრატეგიული თვითმფრინავების მესამედს დაატყდა თავს. რუსეთის ავიაციის დანაკარგებმა შესაძლოა, 7 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.