ყველაფერი გადაწყდა უცებ, დახურულ ფორმატში, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი დასამალია, ვიდრე გამოსაჩენი, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეწყალების, ან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაშიც კი რაღაც პერიოდი პატიმრობა მოუწევს ირაკლი ღარიბაშვილს.

"ყველაფერი გადაწყდა უცებ, დახურულ ფორმატში - ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი დასამალია, ვიდრე გამოსაჩენი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამას წინ უძღოდა სხვა ტიპის მოლაპარაკებები და არჩევანის საშუალება, უბრალოდ, არ ჰქონდა ღარიბაშვილს. იფიქრებდა - იქნებ, პატიმრობა არა და სხვა რამ იყოსო, მაგრამ, როგორც ჩანს, ის არეალი დავიწროებული იყო, რომელშიც მას შეეძლო არჩევა. სამართლებრივად რა შეიძლება შემდეგ მოხდეს - ვადაზე ადრე გათავისუფლება, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სასჯელის რა ნაწილის მოხდა მოუწევს მსჯავრდებულს. ეს მძიმე დანაშაულია და ამ შემთხვევაში, 2/3 უნდა მოიხადოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შეეხოს ვადაზე ადრე გათავისუფლება, ამით იმისი თქმა მინდა, რომ ახლა ის ვერ გათავისუფლდება ვადაზე ადრე და მას მოუწევს გარკვეული პერიოდი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა. მეორე გზა არის შეწყალება, აქ არ ვიცი, რას დაჰპირდნენ, მაგრამ, როგორც წესი,  ნაკლებად მძიმე დანაშაულზე სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ იყენებდნენ პრეზიდენტები ამ პრაქტიკას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 5 წლით აღკვეთა განესაზღვრა.