ეს ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიებაა, გეგონება ამ საქმეზე ადამიანს ტყუილად არ დაიჭერდნენ, - ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმეში არც დანაშაულია და არც მოწმე.

“მეცინება, როდესაც პროკურორს ვუსმენ და მტკიცებულებათა ერთობლიობაზე მიუთითებს, ეს ყველაფერი კი ისე ჟღერს, რომ გეგონება ამ საქმეზე ადამიანს ტყუილად არ დაიჭერდნენ. 29 ნოემბერს დამიჭირეს, 2 დღე ბრალი ქონების დაზიანების მუხლით მქონდა წარდგენილი. ეს არ ეყოთ, რომ ჩემს წინააღმდეგ უფრო კარგად გამოელაშქრათ. გამოვიდა პაპუაშვილი და ეს ტერორიზმიაო და ამის შემდეგ ბრალი გადამიკვალიფიცირეს - რადგან პაპუაშვილმა თქვა, ტერორისტი გავხდი, მაგრამ თვითონვე მიხვდნენ, რომ ბინ ლადენიც ტერორისტია და მეც, ვერ ჯდებოდა. ეს ბრალი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია.

საქმეში მოწმე არ არის, რომელმაც დანაშაული დაინახა, მოწმეები მეხანძრეები არიან, რომლებიც ჰყვებიან, რომ დომინოს თამაშობდა და “მითხრეს ხანძარიაო, მოვედი, დავასხი წყალი და ჩავაქრეო”. მოწმეებმა რა უნდა თქვან? პროკურატურა კი აკრძალვებს აკრძალვებზე მიწესებს, რომ არ დავრეკო ციხიდან, პაემანი რომ არ მქონდეს ოჯახის წევრებთან და რა მოტივით? - რომ “მოწმეებზე არ მოახდინოს გავლენაო?". რომელ მოწმეზე - მეხანძრეზე, რომელმაც უნდა თქვას 10 ტონა წყალი დაასხა თუ 11 ტონა?

ეს იმიტომ ხდება, რომ მამუკა მდინარაძეს ვერ მოუნელებია “ბაირამ დუდუკში” რომ მოხვდა. ეს ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიებაა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, მან ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადა.

"ჩემი მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას, ველოდები, რომ პატრიარქი აიმაღლებს ამ უსამართლობაზე ხმას. მის ადგილას ელენესთან შევიდოდი, მისი დუმილი შემზარავია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.  

ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.