"ამდენი წელია ამ გუნდის წევრი ვარ და შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის ტყუილი არ მახსოვს. ამიტომ რასაც ამბობენ სიმართლეა" - ასე უპასუხა "ოცნების" დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ "TV პირველის" შეკითხვას, გავრცელებულ ფოტოებზე, სადაც ჩანს მესამე სექტორთან სამუშაო შეხვედრაზე მყოფი პაპუაშვილი და კობახიძე.

"ჩვენც ახლა ერთად ვართ, მაგრამ ხომ არ ნიშნავს, რომ ერთ გუნდში ვართ", - აღნიშნა მან.

“ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის თანახმად, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.

კობახიძე და პაპუაშვილი უარყოფენ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობასა და მათთან თანამშრომლობას, თუმცა გასული 2 დღის განმავლობაში მათი წარსულიდან არაერთი ფოტო გავრცელდა, სადაც კობახიძეც და პაპუაშვილიც მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა პროექტებს განიხილავენ. ფოტოები ძირითადად 2010-2013 წლებით თარიღდება.