გამოხატვის თავისუფლება არ არის თავსებადი სისხლის სამართლის საქმესთან, არ შეიძლება მშვიდობიანი ფორმით გამოხატული პროტესტი ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით, ეს არის მინიმალური სტანდარტი, -  ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება კანონებს რეპრესიების მექანიზმად იყენებს.

"ჩვენ ყოველდღე ვხედავთ კანონების გამკაცრებას, ეს ორი წლის წინ დაიწყო და დღეს უკვე ბევრად უარესია იმასთან შედარებით, რაც შარშან ამ დროს იყო. ამის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ განსხვავებული აზრი, პროტესტი ჩაიხშოს და გაჩერდეს. კანონების რეპრესიებად ქცევა და შემდეგ მისი აღსრულება არის ის, რასაც ვხედავთ. ეს კანონები გამკაცრებული ფორმით, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და როდესაც საერთაშორისო სტანდარტებზე, პირველ რიგში, აქ იგულისხმება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები და ის, რაც საერთაშორისო დონეზე არის აღიარებული. გამოხატვის თავისუფლება არ არის თავსებადი სისხლის სამართლის საქმესთან, არ შეიძლება მშვიდობიანი ფორმით გამოხატული პროტესტი ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით, ეს არის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ყველა სახელმწიფომ უნდა დაიცვას, რომელიც თვლის, რომ უნდა იყოს ევროპული კონვენციის ხელმომწერი.

ერთი მხრივ, ეს კანონმდებლობა ამ სივრცეს ავიწროებს მოსამართლეებისთვისაც, მაგრამ მათ რჩებათ იმის რესურსი, რომ ეს საქმეები, რომელიც კონსტიტუციასთან საწინააღმდეგო  კანონით უნდა აღსრულდეს, ფორმალურად მაინც მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და დაელოდოს საკონსტიტუციოდან პასუხს, არის თუ არა კანონთან შესაბამისი", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.