ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ორი ათასამდე ადამიანის დასანქცირება განიხილება, მაგრამ ეს ციფრი მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციების პაკეტები "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირების წინააღმდეგ დაწესდება.

"გარკვეულ ჯგუფში ვინ იგულისხმება, ალბათ, ადვილი წარმოსადგენია - ესენი არიან, რასაკვირველია, პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ასევე, რეჟიმის გამაძლიერებლები. აქ შეიძლება ადამიანების ძალიან დიდი წრე მოვიაზროთ, ეს იქნებიან ბიზნესმენები, ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ჩართული არიან იმ პოლიტიკაში, რომელსაც ატარებს პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება" და ეს წრე შეიძლება იყოს ძალიან დიდი.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ორი ათასამდე ადამიანის დასანქცირება განიხილება, მაგრამ ეს ციფრი მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს.

აქ ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ბევრ მათგანს შეიძლება ჰქონდეს რაღაც ფორმის კერძო საკუთრება, სხვა დატვირთვისა და მნიშვნელობის ქონება, რომელთანაც ის მისვლას ვერ მოახერხებს, ვეღარ გადაადგილდება და ეს ალბათ, იქნება სამუდამო", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების ერთ ნაწილს შესაძლოა ევროკავშირში შესასვლელად სავიზო რეჟიმი დაუწესდეს.