მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, შეიძლება იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით, ყველა იმ დახმარებებზე, რაზეც ჩვენი ბიუჯეტია დამოკიდებული და ესეც გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს, მაგრამ პერსონალური სანქციები ბევრად რთულია ევროკავშირისთვის, რომელიც დამოკიდებულია კონსენსუსის წესზე და ამერიკა ამ ინსტრუმენტს ძალიან კარგად მართავს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არც თვითონ და არც მოსახლეობა არ არის კმაყოფილი ოპოზიციით, არავინ არ არის კმაყოფილი, რადგან ოპოზიცია მომზადებული იყო სხვა რამისთვის და მოუწიათ შეჯახებოდნენ სულ სხვა მოცემულობას.

"მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, შეიძლება იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით, ყველა იმ დახმარებებზე, რაზეც ჩვენი ბიუჯეტია დამოკიდებული და ესეც გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს, მაგრამ, პერსონალური სანქციები ბევრად რთულია ევროკავშირისთვის, რომელიც დამოკიდებულია კონსენსუსის წესზე და ამერიკა ამ ინსტრუმენტს ძალიან კარგად მართავს. მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკისა და ევროკავშირს შორის, იმის შესახებ, თუ, რა შეიძლება გაკეთდეს. მე არ მჯერა, რომ "ქართული ოცნების“ მომხრეებს უნდოდეთ რუსეთი, რადგან მთელი კამპანია გადაერთო იმაზე, რომ მხარდამჭერებისთვის ეთქვა ის, თუ, როგორ შეიყვანდნენ საქართველოს ევროკავშირში და ეს იმიტომ, რომ ყველას უნდა ევროკავშირი. „რუსული კანონის“ დროს, ჩვენ ვიყავით რუსული სცენარის ხელში, ჩვენ მოგვიწყვეს დიდი სცენარი, რომელიც ორი წლის მომზადებული იქნება და ამან მიგვიყვანა ასეთ არჩევნებამდე. სულ ვფიქრობდით რატომ დასჭირდათ ამ კანონის შემოღება, იმიტომ, რომ ამ კანონის ხელახლა შემოტანით აგვაგდეს ხალხი და იმუშავეს რუსული სპეცსამსახურების მსგავსად, რომლებმაც იციან ფსიქოლოგია საზოგადოების და ამით მანიპულირებენ.

არჩევნებზე რაც გააკეთა "ქართულმა ოცნებამ", ესეც იყო რუსული სცენარი, რომ ხალხმა დაიჯეროს ბოლო წუთამდე გამარჯვება და უეცრად, ჩაგარტყან თავში, რომ ის ყველაფერი, რისიც გჯეროდა და მართლა მოხდა, თურმე, არ არსებობს, ეს არის უდიდესი ფსიქოლოგიური შოკი და საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოსული ამ შოკიდან.

რაც შეეხება ოპოზიციას, არც მე და არც მოსახლეობა არ ვართ კმაყოფილი ოპოზიციით, არავინ არ არის კმაყოფილი, რადგან ოპოზიცია მომზადებული იყო სხვა რამისთვის, ვიცოდით ზუსტად სამოქმედო გეგმა რა იყო, რა კანონები იყო მისაღები, როგორ უნდა წავსულიყავით ახალ არჩევნებამდე, თუმცა, ძალიან რთულია, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს ვთხოვთ იმ საქმეში იყვნენ ერთად, რაც არ არის მათი პირველი დანიშნულება, ისინი ამისთვის არ ემზადებოდნენ და სულ სხვა მოცემულობაში არიან. კოორდინაცია უნდა იყოს მათ შორის მეტი, რადგან ეს არის ხალხის მოთხოვნა და ხალხს თუ არ მოუსმენენ პოლიტიკური პარტიები, არაფერი გამოვა.

სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები, რომელიც არ გულისხმობს იმას, რომ "ქართული ოცნება“ უეცრად გადავარდება, დაიჭერენ და აღარ იქნება, მაგრამ ახალი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ მიიღებენ იმას, რაც ეკუთვნით. ახალი არჩევნები არის სტაბილურობის გარანტია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.