BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

სტატიაში მოყვანილია პროტესტის მონაწილეების კომენტარები, რომლებიც პროევროპული აქციების დარბევისას, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანით დარბევის შემდეგ სხვადასხვა სიმპტომებზე მიუთითებდნენ - ქოშინზე, ხველაზე, ღებინებაზე, რომლებიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა.

BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.

BBC ასევე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათი გამოძიების შედეგებს "აბსურდული" უწოდა და განაცხადა, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა "სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების" საპასუხოდ.

გამოცემა წერს, რომ "კამიტი" პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ არსებობს მცირე დოკუმენტაცია, მაგრამ ითვლება, რომ ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს, იმის გამო, რომ მას ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი. მის შემცვლელად კი CS გაზი, ანუ, ცრემლმდენი გაზი გამოიყენება.

სტატიაში საუბარია კონსტანტინე ჩახუნაშვილზე, ექიმზე, პედიატრზე, რომელიც გასული წლის პროტესტის დროს ერთ-ერთი იყო, რომლებსაც პოლიციის მხრიდან გაშვებული ნივთიერება თვალებში მოხვდა. BBC წერს იმაზე, თუ რა სიმპტომები აღენიშნებოდა მას ამის შემდეგ და მის მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე, რომლითაც კონსტანტინე ჩახუნაშვილს სურდა, რომ გაერკვია, ჰქონდა თუ არა ვინმეს მსგავსი სიმპტომები.

გამოცემა ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ გამოკვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ შედეგებით დადასტურდა ადგილობრივი ჟურნალისტებს, ექიმებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მანამდე ნათქვამი - წყლის ჭავლი ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. BBC აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მიმართ მოწოდებისა, დაესახელებინათ, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი თქვა.

BBC წერს, რომ იარაღების ყოფილმა მთავარმა სპეციალისტმა დეპარტამენტში ლაშა შერგელაშვილმა განაცხადა, რომ ეს იგივე ნივთიერება იყო, რომლის ტესტირებაც მას 2009 წელს წყლის ჭავლში გამოყენებისთვის სთხოვეს.

მისი თქმით, ტესტირების დროს გამოყენებული ნივთიერების ეფექტი არ ქრებოდა - "როდესაც წყლით დავიბანეთ სახე შემდეგ კი, წინასწარ მომზადებული სოდითა და სპეციალური ხსნარით, მაინც ვერ ვსუნთქავდით თავისუფლად" - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ წყლის ჭავლის მანქანები, სულ მცირე, 2022 წლამდე, სანამ ის სამსახურს დატოვებდა, ამ ნაერთით იტვირთებოდა.

ამჟამად უკრაინაში მცხოვრებმა ლაშა შერგელაშვილმა BBC-ს უთხრა, რომ როდესაც გასული წლის პროტესტის კადრები ნახა, მაშინვე იფიქრა - დემონსტრანტებს იგივე ნივთიერებას ასხურებდნენ. მისი თქმით, კოლეგებმა, რომლებთანაც დღემდე აქვს ურთიერთობა და რომლებიც კვლავ ამ უწყებაში მუშაობენ, უთრეს, რომ პროტესტის მონაწილეების დასაშლელად სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა.

BBC წერს, რომ კიდევ ერთმა ყოფილმა მაღალი რანგის პოლიციელმა მათთან გამოკითხვის დროს დაადასტურა, რომ წყლის ჭავლის მანქანებში შერგელაშვილის სამსახურის პერიოდში ჩატვირთული ქიმიკატი გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროტესტზე.

BBC წერს, რომ პროფესორ ქრისტოფერ პოლსტეჯს მიმართეს, ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის მსოფლიო წამყვან ექსპერტს, რომ შეეფასებინა მათი მტკიცებულებები, მიუთითებდა თუ არა, რომ სავარაუდოდ, სწორედ "კამიტე" იყო გამოყენებული პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ.

ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევის შედეგებზე, დაზარალებულთა ჩვენებებზე, სპეცრაზმის ინვენტარზე და ლაშა შერგელაშვილის მიერ ჩატარებულ ქიმიური ტესტირების აღწერაზე დაყრდნობით, პროფესორი ჰოლსტეჯი მიიჩნევს, რომ სწორედ ასეა.

ის ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, სიმპტომები ცრემლმდენ გაზს გამოეწვია, რომელიც ასევე გამოიყენებოდა საქართველოს სპეცრაზმის მიერ გასულ წელს.

"ფორმულა"