"ქართული ოცნების" დეპუტატის ბექა ოდიშარიას მტკიცებით, ჰამბურგის პოლიციამ მის შვილს და სხვა ქართველ ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა. 

ოდიშარია "TV იმედთან" ამბობს, რომ გერმანელ სამართალდამცველებს ლაშა ოდიშარია და მისი მეგობრები "ვიღაც არაბებში" აერიათ.

"მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოში მოუხადეს ბოდიში [გერმანელმა პოლიციელებმა] და დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, მთავარი იყო თუ რადიო თავისუფლება, იქ უთხრეს, რომ ჩვენ არანაირი ინფორმაცია მაგ ხალხზე არ გვაქვსო. ე.ი. არაფერი არ დაუშავებიათ და ამიტომ არ აქვთ, ხო?

ეს ბავშვები მიდიოდნენ სტადიონზე ნაკრების საგულშემატკივროდ, გააჩერეს უმიზეზოდ, დაუწყეს ჩხრეკა, ჩემმა შვილმა უთხრა - უბრალო ტურისტი არ ვარო, რაც ნიშნავს, რომ მე ვარ ევროპაში მცხოვრები, მაქვს საბუთი სწავლის უფლების და ასე არიან დანარჩენი საზოგადოებაც, ამაში არ იყო ნაგულისხმევი, რომ რაღაც განსაკუთრებული ადამიანები, რასის წარმომადგენლები არიან.

მეამაყება ჩემი შვილი, მისი საქციელიც. Spiegel კიდევ სამარცხვინოდ იქცევა, რომ ასეთი თითიდან გამოწოვილი თემა დადო YouTube-ზე, რაც გამოიყენეს ჩვენმა ფეიქარხებმა.

ბოდიში მოუხადეს, რომ შეეშალათ ვიღაც არაბებში და ასეთი დამოკიდებულება ქართულ პოლიციას სტუმრების მიმართ ნამდვილად არ აქვს. შემდეგ, ის არაბები დაიჭირეს თავისი რაღაც მოპარული ნივთებიანად და კადრებში ჩანს, რომ ეს ბიჭები წავიდნენ. რა თქმა უნდა, ბოდიში მოჭრეს და ეს არ განათავსეს, მაგრამ ჩანს, რომ ეს ახალგაზრდები საქართველოდან არაფერში დამნაშავე არ იყვნენ და წავიდნენ, ხელწერილიც კი არ დააწერინეს", - აცხადებს ოდიშარია.

გერმანული გამოცემა Spiegel-ის მიერ 3 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ქალაქ ჰამბურგში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი ქართველების ჯგუფს აჩერებს, შემდეგ კი დასახმარებლად პოლიციის დამატებით ეკიპაჟს იძახებს. ადგილზე მოსულ პოლიციელებს ქართველი ახალგაზრდები არ ემორჩილებიან და ეუბნებიან, რომ ისინი ჩვეულებრივი ტურისტები არ არიან, ერთ-ერთი მათგანი კი საქართველოს პარლამენტსაც ახსენებს.

ეს ადამიანი "ქართული ოცნების" დეპუტატის ბექა ოდიშარიას შვილი ლაშა ოდიშარიაა.

“ტურისტები ვართ, სტუდენტები [..] პარლამენტი, საქართველოს პარლამენტი [..] პრობლემები გინდათ? მე ახლა დავურეკავ ადვოკატს. უბრალოდ მივდიოდით და გაგვაჩერეთ. გეუბნებით, რომ არ ვართ ჩვეულებრივი ტურისტები”, - ისმის ჩანაწერში.