ევროკავშირი სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს თითქმის 30 წლის განმავლობაში. ჩვენ არასდროს დაგვიფინანსებია ძალადობა, ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი ფორმით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ნახევარი ყოველთვის მიმართული იყო საქართველოს ბიუჯეტისკენ.

„მაქვს პრინციპი, არ გავაკეთო კომენტარი სხვების კომენტარზე. მე წარმოვადგენ ევროკავშირის პოზიციას. ევროკავშირი სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს თითქმის 30 წლის განმავლობაში. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა ძირითადად მთავრობას გადაეცა. თითქმის ნახევარი ყოველთვის მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისკენ. დანარჩენი გადაეცემოდა სხვადასხვა სამინისტროს სხვადასხვა პროექტზე, რომლისგანაც სარგებელს იღებდა საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ გადავწყვიტეთ ხელისუფლების დაფინანსების შეჩერება ქმედებების და კანონმდებლობების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ჩვენ გავაგრძელებთ, რამდენადაც შევძლებთ ამჟამინდელ ძალიან შემზღუდველ კონტექსტში, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. ჩვენ არასდროს დაგვიფინანსებია ძალადობა. ჩვენ ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი ფორმით, ძალადობა მიუღებელია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.