მინდა გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მე მივიღე პერსონალურად. ის გამოთქვამს დიდ წუხილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შვედეთი რჩება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთგული.

"ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწიეთ და არ ჩაინიშნა, მაშინ ერთობლივად - ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები. ეს არის მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება თავისი მეორე მოთხოვნით - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილისა და მისი სუსის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციებს და მოთხოვნებს, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. არჩევნებს მივაღწევთ ამ რეჟიმის რყევებით, რომელიც გრძელდება. 

რეპრესიების ახალი ტალღა რომ იწყება, ესეც ამ ხელისუფლების სისუსტის ნიშანია. ის, რაც მედიის წინააღმდეგ ხდება, ეს ხომ არის სუფთა ორველის წიგნიდან წამოსული მცდელობები, რომ შეზღუდონ საზოგადოება. ამ დროს პროტესტი გრძელდება და მას ვერ მოერევიან. ამ ე.წ. ხელისუფლებას ერთადერთი ბერკეტი გააჩნია, რომ საზოგადოებაში შეიტანონ გაუგებრობები, იმედგაცრუება, გახლეჩა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ. 

მეორე საკითხი - მე მინდა გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც  მე მივიღე პერსონალურად. ის გამოთქვამს დიდ წუხილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, რომ სამოქალაქო სივრცე შეზღუდულია და რომ ეს არ შეეფერება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ. 

შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შეეწყვიტა ყველანაირი დახმარება საქართველოს ე.წ. მთავრობისთვის, თუმცა შვედეთი მზადაა, დარჩეს მხარდამჭერი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული გზის, რომ დარჩეს სამოქალაქო საზოგადოების დონორი. ამ საკითხზე ვაკვირდებით დღევანდელ კანონმდებლობას, რომ გავიგოთ, რა ფორმით შეიძლება ეს მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოების. ჩვენ, როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, გავაგრძელებთ საქართველოს მდგომარეობაზე მკაფიო დაკვირვებას და ვრჩებით დიდი მხარდამჭერი საქართველოს საზოგადოების და მისი ევროპული გზისო. კრიზისიდან გამოსავალი კი ერთია - ახალი საპარლამენტო არჩევნები! არცერთ სხვა არჩევნებს არ აქვს უნარი დაამარცხოს ანტიდემოკრატიული, ანტიამერიკული და ანტიევროპული რეჟიმი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.