ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მასში მონაწილეობა მაშინ, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, ჩემთვის გასაკვირი და გაუგებარიც კია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როცა პოლიტიკური ლიდერები ციხეში არიან, არჩევნებში მონაწილეობა გაუგებარია.

"ძალიან აირია ვითარება ბევრი საკითხის მიმართ, რომელიც დღეს მოითხოვს ჩემგან სიცხადეს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ უახლოეს მომავალზე პოლიტიკურ განვითარებებზე, საჭიროა ვიცოდეთ, რას ვამბობთ და საითკენ მივდივართ. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობთ არა პლატფორმის, არამედ ჩემი სახელით. ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მასში მონაწილეობა მაშინ, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, ჩემთვის გასაკვირი და გაუგებარიც კია, როცა სასამართლოს ნდობა არავის შეიძლება ჰქონდეს. 

რაც შეეხება მედიას, მედია არის აუცილებელი კომპონენტი არჩევნების ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და ჩვენთან არა მხოლოდ იზღუდება ის სივრცეები, რომელშიც მედია ოპერირებს, არამედ ყოველდღე მძიმდება ვითარება. დღეს შეტანილია მარეგულირებელში ის სარჩელი, რომელიც რეალურად, ახალი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, რომელიც მე არსად მინახავს და რომელმაც შეიძლება შემდეგ ეტაპზე ჯარიმები და ლიცენზიების შეჩერება განაპირობოს. ამიტომ, ეს არის ძალიან სერიოზული. 

ამ დროს კიდევ ერთი დამამძიმებელი ფაქტორი არის ის, რომ ადამიანის უფლებები არის შეზღუდული. 

საჯარო სივრცეები აღარ არსებობს. რუსთაველზე გასასეირნებლად გასვლაც კი ძვირად ჯდება. ყველა ფინანსური რესურსი, პარტიების, არასამთავრობოების, მედიების თუ სხვა, არის უფრო და უფრო შეზღუდული, აქეთ ხალხის საჯარო სამსახურებიდან გაშვება, იქით ფასების ზრდა - ეს ყველაფერი ისეთ ფინანსურ გარემოს ქმნის, სადაც რთულია ადამიანებისთვის, რომ წავიდნენ არჩევნებზე.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არა თუ გამოასწორებს იმას, რაც იყო წინა არჩევნებზე გაყალბების კუთხით, არამედ კიდევ უფრო დამძიმდა ეს საარჩევნო პირობები. ცესკოზე არაფერს ვიტყვი. კომისიების შემადგენლობა, დამკვირვებლების უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა. ისიც უნდა ვიცოდეთ, თუ ადგილობრივ არჩევნებზე ვსაუბრობთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ძალიან იშვიათად მოდიან დასაკვირვებლად ადგილობრივი არჩევნების. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ დიასპორა არ მონაწილეობს არჩევნებში. ამ პირობებში დღეს თუ ვინმეს რამის იმედი აქვს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით, მე ვერ ვხედავ და არ მესმის. 

როგორ შეიძლება შეხვიდე არჩევნებში, როცა პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში და არა მარტო აქტივისტები.
საპარლამენტო არჩევნებიც დღევანდელ პირობებში შეუძლებელია, ამიტომ არის, რომ პლატფორმის ფორმატში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც აღრიცხავს ყველა იმ პირობებს, რომელიც უნდა იყოს შემოტანილი. 

პასუხისმგებლობა თუ რამე არის პოლიტიკური პარტიების, არის ის, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა არის აუცილებელი, აუცილებელია ვითარების კარგად გაგება. ჩვენი პასუხისმგებლობა დიდია, პირველ რიგში იმაზე, რომ ჯერ დავფიქრდეთ და მერე ვილაპარაკოთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.