შეიძლება რაღაც ნაწილი მიიტანა, შეიძლება ნაწილის მაგივრად ციხეში ჩავჯდებიო თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის მოლაპარაკებული, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თვითონ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, განუსაზღვროს ირაკლი ღარიბაშვილს გარკვეული სასჯელი. 

"ეს გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, გამომდინარეობს არა იქიდან, რამდენად დამნაშავეა, ან არ არის დამნაშავე ღარიბაშვილი, არამედ იქიდან, რომ თვითონ ივანიშვილმა გადაწყვიტა, განუსაზღვროს მას გარკვეული სასჯელი.

შეიძლება რაღაც ნაწილი მიიტანა, შეიძლება ნაწილის მაგივრად ციხეში ჩავჯდებიო თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის მოლაპარაკებული. გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაჯდეს ციხეში, რაღაც თანხაც მიიტანოს და შეიფუთოს, რომ ეს თითქოს კორუფციასთან ბრძოლაა, სინამდვილეში კი, არანაირი კორუფციასთან ბრძოლა ეს არ არის", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 5 წლით აღკვეთა განესაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.