"შემდეგი თუ ვინმეს დაიჭერენ, უნდა დაიჭირონ უკვე ბიძინა იმიტომ, რომ ამის იქით უკვე სხვა აღარავინ აღარ არის" - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ "მარაზმისთვის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება ხელისუფლება გადაიხდის იმ ფასს, რასაც ჩვენ გადავახდევინებთ".

"ამ ხელისუფლებას ყველაფერი შერჩა. ამაზე მეტი კომპრომატი რა გინდა, ღარიბაშვილს როდესაც დაიჭერ, შემდეგი ვინ არის, ბიძინა უნდა დაიჭირო იმიტომ, რომ ორჯერ პრემიერ-მინისტრად ბიძინამ დანიშნა ეს კაცი. შესაბამისად, შემდეგი თუ ვინმეს დაიჭერენ, უნდა დაიჭირონ უკვე ბიძინა იმიტომ, რომ ამის იქით უკვე სხვა აღარავინ აღარ არის. მაგრამ ამ ხელისუფლებას ყველაფერი შერჩა, ანუ ჩვენმა საზოგადოებამ შეარჩინა ყველაფერი.

გარკვეულწილად ეს ჩვენი საოცარი ქართული კონფორმიზმი და კორუმპირებული აზროვნება, ასე ვთქვათ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს არ ამტყუნებს ღარიბაშვილს - მერე რა, რომ მაყუთს, ქრთამს იღებდა, რა მოხდა მერე, პრემიერ-მინისტრი იყო და რა უნდა ექნა აბა - 90% ჩვენი საზოგადოების იქ რომ მოხვდეს იმავეს გააკეთებს. ეს არის სამწუხარო რეალობა, შეიძლება არასასიამოვნო რაღაცას ვამბობ, მაგრამ მე ხომ ვუყურებდი ჩემს ირგვლივ რა ხდებოდა, ძალიან წესიერი ადამიანები რომ მეგონა, მოდიოდნენ და რაღაცებს ჩალიჩობდნენ ჩემთან.

ხელისუფლება გადაიხდის იმ ფასს ამ მარაზმისთვის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, აუტანელი მარაზმისთვის, იმ ფასს, რასაც ჩვენ გადავახდევინებთ, ჩვენ შეიძლება ხელისუფლებას ვერ გადავახდევინოთ ეს და შესაბამისად სულ ესე იქნებიან.

ეს ხომ არ არის კორუფციასთან ბრძოლა, რაც დღეს ხდება, ეს არის ქონების და ძალაუფლების გადანაწილების პროცესი", - განაცხადა გია ხუხაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.