საპროტესტო კარვები, რომლებიც პარლამენტის წინ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაშლილი, აიღეს. პროევროპული აქციების მონაწილე დარეჯან ცვხიტარია ამბობს, რომ გუშინ ღამე ერთ-ერთ კარავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც დღეს დილით პოლიციაში გამოკითხვაზე იძულებით წაიყვანეს. პარლამენტთან დაბრუნებულს კარვები აღარ დახვდა. ის ვარაუდობს, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს, რითაც კარვებს აღების საფუძველი შექმნეს.

"ღამის 2 საათია და ზემოდან დაცვა ლაპარაკობს, რას ეკიდება იქო, ავდექი უცებ, გამოვედი და კარავს ეკიდებოდა ცეცხლი. მივედი, წყალი დავასხი, ჩავაქრეთ. პოლიცია, ყველა აქ იყო. დღეს დილით, 7 საათზე, თაბუკაშვილიდან მოვიდნენ ბლომად, თითქოს ყაჩაღები ჰყავდათ აქედან ასაყვანი, გამობრძანდით გარეთო. მე ვუთხარი, რატომ უნდა გამოვიდე, რის საფუძველზე, ჩემს კარავში ვზივარ 1 წელზე მეტია. ტელეფონი მეჭირა ხელში, გამომგლიჯა ტელეფონი, არ გამოვდიოდი, ორმა პოლიციელმა მომკიდა ხელი, გამომათრიეს, ჩამსვეს მანქანაში და მითხრეს, ან ინერვიულო, ამ მანქანით წაგიყვანთ და ამ მანქანით მოგიყვანთო. 4 საათი მაყურყუტეს პოლიციის განყოფილებაში. 

მე ვერავის ხელს ვერ დავადებ, რა თქმა უნდა,  მაგრამ აქ ყოველდღიურად მოდიოდა ხალხი, რომელსაც ძალიან აწუხებდა ჩვენ რომ კარავში ვიყავით, აგზავნიდნენ, თავისით აქ არავინ არ მოსულა არასდროს.

ეჭვი გამიჩნდა, რომ სპეციალურად გააკეთეს იმიტომ, რომ ამ კარვების აღებდა უნდოდათ. სხვა ვერაფერი მეთოდი ვერ მოძებნეს?!

ჩემი ტანსაცმელი, ყველაფერი, რაც კი გამაჩნდა, რაც ჩემი იყო, ყველაფერი წაიღეს. ამის უფლება როგორ ჰქონდათ?! არანაირი დენის წყარო ჩვენთან არ შემოდიოდა, შეგნებულადააა გაკეთებული.

მე ბრძოლას არ შევწყვეტ, ფეხზე დამდგარი, სანამ შევძლებ, სანამ არ მოვკვდები აქედან ვერავინ ვერ გამიყვანს, თუ გამასვენებენ. ტელეფონი ჩამომართვეს და ისეა არეულ-დარეული, რომ ვერავის ვერ დავურეკე. ყველა სახელი, გვარი ამოღებულია ტელეფონიდან, გამოშიგნულია", - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები პროევროპული აქციების დასაწყისიდანაა გაშლილი. სხვადასხვა დროს ამ კარვებში არაერთი ადამიანი შიმშილობდა. მათ შორის, პოლიტიკოსები ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე, ამჟამად 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ვახო ფიცხელაური და ა.შ.

დარეჯან ცხვიტარია წელიწადზე მეტია, უწყვეტად, ამ კარვებში ათენებს ღამეს.