“მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი, ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სრულ სიმართლეს ამბობს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, როგორი უმძიმესი სისტემური კრიზისია მართლმსაჯულების სისტემაში.

როგორც მან დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“ განაცხადა, სწორედ იმის გამო ჰქონდა დაპირისპირება და წამოვიდა “ოცნებიდან“, რაზედაც დღეს პატიმრობაში მყოფი პრემიერი საკუთარ წერილებში წერს.

"ირაკლი ღარიბაშვილი საქმე მთლიანად, სწორედ იმას ადასტურებს, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ - უმძიმეს სისტემურ კრიზისზე, რომელიც აქვს მართლმსაჯულების სისტემას. ჩემთვის ეს არ არის ახალი და ამიტომაც მჯერა, რასაც ღარიბაშვილი ჰყვება. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, თავის წერილებში, რა ფაქტებზეც საუბრობს, სიმართლეა. მას რომც არ ვიცნობდე პიროვნულად, თვითონ სისტემა როგორიც არის და მე როგორიც დანახული მაქვს, ახლოდან ვიცი და რომლის გამოც იყო ის დაპირისპირებები და რის გამოც მე წამოვედი “ოცნებიდან“, ეს არის ზუსტად, რასაც ღარიბაშვილი ჰყვება დღეს. გული მწყდება, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვეძლო გადაგვერჩინა ამ რეალობისგან ქვეყანა, როდესაც მართლა წყდებოდა ბედი, მართლმსაჯულების სისტემა დარჩებოდა იმ წარსულ უკუნეთში, თუ რეფორმას მივიყვანდით ბოლომდე, სამწუხაროდ, მაშინ დავრჩი უმცირესობაში. მაგრამ კარგია, რომ დღეს ლაპარაკობს თავად, თვითონ მივიდა პროცესზე, კარგია, რომ ამ თემებს ასაჯაროებს", - აცხადებს ბესელია.