ეს იქნება ანგარიში, რომელიც დიდწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ანგარიშით რეალური მდგომარეობა გაცხადდება.

"ეს იქნება ანგარიში, რომელიც დიდწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუს. ფაქტი, რომ საქართველო, რეალურად, აღარ აკმაყოფილებს კანდიდატის სტატუსს, ეს წარმოადგენს პირდაპირ მინიშნებას იმაზე, რომ საქართველოსთან მიმართებით რაღაც ახალი ხედვა არის შესამუშავებელი და ახალი გეგმა არის მოსაფიქრებელი. 

არ მგონია, რომ პირდაპირი მოწოდება ვიხილოთ, რომ შეაჩერონ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ რეალურად, ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა ხდება ქვეყანაში", - განაცხადა გიგი გიგიაძემ. 

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი 2025 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს წარუდგენს. არსებული ინფორმაციით, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშიც, რომელიც, როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, იქნება გრძელი და არსებითი დოკუმენტი.

კომისიის მიერ აღნიშნულ ქვეყნებში ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შეფასების შემდეგ, კომიტეტის მომხსენებლები შეიმუშავებენ რეზოლუციებს, თითოეული ქვეყნისთვის პარლამენტის დასკვნებით და რეკომენდაციებით.