ეს წერილი მიმართული იყო ბიძინა ივანიშვილისადმი. როგორც ჩანს, ის ამ პერიოდში ცდილობდა ბიძინაზე გასვლას, მასთან კომუნიკაცია ვერ დაამყარა და საჯარო სასოწარკვეთილი გამოსტყორცნა ვნახეთ, -  ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილის შინაარსი ლოგიკას მოკლებულია.

"წერილის შინაარსი არის ლოგიკას მოკლებული იმიტომ, რომ იქ საუბარია რაღაც კომპრომისულ ვარიანტზე, სადაც თითქოს მას რაღაც უნდა ეღიარებინა და ამის სანაცვლოდ, ფაქტობრივად, იმ 5 წელს დაუტოვებდნენ, რაზეც ხელი აქვს მოწერილი და თითქოს, ეს მოლაპარაკება მიდიოდა, მაგრამ აბსურდია, რადგან ასეთი მოლაპარაკების საჭიროება არ არსებობს, საკუთარი ფეხით წავიდა ციხეში და მან აღიარა კორუფციული დანაშაული, აქედან გამომდინარე, ამ თემაში ლოგიკას მაინცდამაინც ვერ ვხედავ.

რაც შეეხება დამატებით პირობას პოლიტიკურ აქტივობებთან დაკავშირებით, რომ რაღაც გარანტიას ითხოვდნენ, რომ ის შორს ყოფილიყო პოლიტიკისგან, ეს ძალიან კომიკური არგუმენტია იმიტომ, რომ ღარიბაშვილის პრობლემა პოლიტიკაში საერთოდ არ არსებობს, ეს მითოლოგიაა, რომ ღარიბაშვილს რაიმე ტიპის პოლიტიკური რესურსი აქვს, ან პიროვნული, ან სხვა ტიპის. მაშინაც კი, როცა პოლიტიკაში იყო, ხელით სატარებელი იყო, არ გამოირჩეოდა მაღალი პოლიტიკური ინტელექტით და სანამ მე იქ ვიყავი, ხელით ვატარებდით, რომ ტლაპოში არ ჩამხტარიყო, ტლაპოდან ტლაპოში გადადიოდა და მის პოლიტიკურ შესაძლებლობებზე საუბარი ღრმად არასერიოზულია, ჩემი აზრით.

მე ვფიქრობ, რომ ეს წერილი მიმართული იყო ბიძინა ივანიშვილისადმი, რა თქმა უნდა, ჩვენც გაგვაგონა რაღაც, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, ფაქტობრივად, როგორც ჩანს, ის ამ პერიოდში ცდილობდა ბიძინაზე გასვლას და მასთან კომუნიკაცია ვერ დაამყარა და საჯარო სასოწარკვეთილი გამოსტყორცნა ვნახეთ, როგორც ჩანს, წნეხი მას და მის ოჯახზე გაძლიერდა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომ დღეიდან, მასზე და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას.